понедельник, 4 августа 2008 г.

ჰიპოთეზა სოფლის დაარსებისა და სახელწოდების წარმოშობის შესახებ

ჩვენი ვარაუდით ამ დასახლებას ქვეშეთი იმიტომ ეწოდა,რომ დიდი ხნის წინ ამ მიდამოებში ძლიერი მიწისძვრევის, ზვავისა და მეწყერის გამო მთაში ცხოვრება შეუძლებელი გახდა. მოსახლეობამ ნელ-ნელა დაბლობისკენ იწყო სვლა. რადგანაც ეს ტერიტორია მთების ქვეშ მდებარეობს ხალხმა მას ქვეშეთი უწოდა.


ჩვენს მიერ გამოკითხული ადამიანებისგან შევიტყვეთ, რომ მეთვრამეტე საუკუნეში ახლანდელი სოფელ ქვეშეთის სამხრეთ-დასავლეთით მთებში არსებობდა სოფელი ქიმბარიანი, რომელიც ორი უბნისგან შედგებოდა:ქიმბარიანთ უბანი და ლაგაზაანთ უბანი, ძმების, ქიმბარასა და ლაგაზას სახელების მიხედვით. მთის ფერდობზე გაუვალი ტყეები იყო. სოფლის მცხოვრებლებმა ტყე გაჩეხეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით.

იმ დროს ყაზბეგისაკენ მიმავალი გზა ქვეშის მთაზე, კაიშაურების დიდ ველზე გადიოდა. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს საქართველოში რუსის ჯარის შემოსვლის შემდეგ ქვეშის მთის ძირას განუთავსებიათ პრისტავის ანუ მმართველის ადგილსამყოფელი და სულ ორიოდე კომლი დასახლდა მასთან ახლოს. ესენი იყვნენ ჩოფიკაშვილები და კაიშაურები. სამმართველოს სახელწოდება იყო "ქვეშ" სამმართველოსთან იყო საჯინიბოები და სასტუმროები, სადაც მგზავრები ჩერდებოდნენ დასასვენებლად. აქ დაუსვენიათ პუშკინს, ლერმონტოვს, ალექსანდრე დიუმას.ამას ადასტურებს ჩვენს მიერ ნანახი ერთ-ერთი შენობისათვის გათხრილი მიწა, რომელშიც ქვის კედელია აშენებული.

ამ პერიოდისათვის ქიმბარიანელები გზის განაპირას ჩამოსახლებულან. "1950-იანი წლებიდან სოფელს დაერქვა სახელად "ქვეშეთი" სამმართველოს სახელწოდების მიხედვით"-გვაცნობა ტარიელ ბუჩუკურმა,რომელმაც მოგვაწოდა 1895 წელს გადაღებული ფოტო.

იგივე დაგვიდასტურა სკოლის ყოფილმა დირექტორმა, ლიდა ბუჩუკურმა.
ამრიგად ჩვენი ვარაუდით სოფლის სახელწოდების დარქმევის შესახებ ნაწილობრივ გამართლდა.